ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებმა 42 პირმა იზოლაციის რეჟიმი დაასრულა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებმა 42 პირმა იზოლაციის რეჟიმი დაასრულა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ, დაახლოებით, 42 პირს იზოლაციის რეჟიმი დაუსრულდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი სოფლის, როგორც მაღალი რისკის ზონის, მოხსნა საკარანტინო რეჟიმიდან, როგორც წესი მას შემდეგ ხდება, როდესაც ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან 28 დღე გადის.

ნიჟარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.

„ქობულეთში იზოლაციის რეჟიმი უკვე დაუსრულდა სოფელ გვარას მცხოვრებლებს, ეს იყო დაახლოებით 42 პირი. სოფლებს ლეღვასა და მუხაესტატეს ეს პერიოდი უსრულდებათ 29-30 აპრილს. თითოეულს ჩაუტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამდენიმე მათგანთან ნიმუში უკვე აღებულია და საკონტროლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც გათავისუფლდებიან აღნიშნული რეჟიმისგან. რაც შეეხება თვითონ სოფლის, როგორც მაღალი რისკის ზონის გათავისუფლებას, ეს იდეალურ შემთხვევაში უნდა მოხდეს უკანასკნელი შემთხვევიდან ორი ინკუბაციური პერიოდის, ანუ 28 დღის გასვლის შემდეგ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს სოფელი აღარ არის რისკის ზონა და გაიხსნას. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ გადავცემთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნება მიღებული,“ - განაცხადა ნიჟარაძემ.