ლენტეხის მუნიციპალიტეტი დღეს დილიდან გაიხსნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი დღეს დილიდან გაიხსნა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძის განმარტებით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა და საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
„ლენტეხის მუნიციპალიტეტი დღეს დილიდან გაიხსნა, მშვიდი ვითარებაა. დღეს დამთავრდება ცაგერის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი და ხვალ დილიდან უკვე ამბროლაურსა და ონის მუნიციპალიტეტებში, ყველა ოჯახში, არამხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ჩამოსულებსაც ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. რეგიონში პროდუქციის მომარაგების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, ხალხმრავლობა და რიგები არ შეინიშნება. ჩვენს მიერ გადამზადებული მოხალისეები ამ პროცესებში ჩართულები არიან. საბოლოო ჯამში, რეგიონში მშვიდი ვითარებაა, საგაზაფხულო სამუშაოებიც დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნის გადაწყვეტულება უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდემიოლოგების რჩევით გუშინ მიიღო.

























