ცოტნე ზურაბიანი - ქალაქ წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი ფაქტის დადასტურებისთანავე საქმეში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ჩაერთნენ

ქალაქ წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მეეზოვეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი შემთხვევის აღმოჩენის შედეგად გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს.
“მუნიციპალიტეტში აღნიშნული შემთხვევა უკვე მეხუთეა სოფელ ფარცხანაყანევის ოთხი ფაქტის შემდეგ. ფაქტის დადასტურებისთანავე ოპერატიულად ჩაერთო საქმეში შესაბამისი სამსახურები. სასწრაფოდ მოიკვლიეს ინფიცირებულის კონტაქტები. დადგინდა 12 კონტაქტი, აქედან ორი - ინფიცირებულის მეუღლე და შვილია, რომლებიც იმავე სამსახურში მუშაობენ. რვა ინფიცირებული თანამშრომელია, ერთი შვილის მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ოჯახთან არაერთგზის შეხება და ერთიც ტაქსის მძღოლი, რომელმაც მოახდინა ინფიცირებულის მეუღლის ტრანსპორტირება ქუთაისში. 11 ადამიანი სასტუმრო „ლეგენდს სპა რესორტის“ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, ხოლო ერთი თანამშრომელი, რომელსაც აქვს პირობები, საკუთარ სახლში დაიცავს თვითიზოლაციას ორკვირიანი ვადით“ , - განმარტავს დეპუტატი.
ცოტნე ზურაბიანის თქმით, ინფიცირებულის კერძო ბინის, კორპუსის სადარბაზოს და 3 მაღაზიის დეზინფექცია განხორციელდა, სადაც როგორც გაირკვა ინფიცირებული იმყოფებოდა.
მისივე განმარტებით, წყალტუბოს ჯანდაცვის ცენტრის მიერ თერმო-სკრინინგი ინფიცირებულის სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელს და შესაბამისი მაღაზიების თანამშრომლებს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი დანარჩენი სადარბაზოების თერმო-სკრინინგი მიმდინარეობს, რაც ჯამში 50-მდე ადამიანს ჩაუტარდება.
„ხვალ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგები 12-ვე კონტაქტში მყოფ პირს აუღებენ ნაცხს ვირუსზე. სტაციონარიდან გაეწერა სოფელ ფარცხანაყანევში მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც დანარჩენი სამი გამოჯანმრთელებულის მსგავსად დაიცავს ორკვირიან თვითიზოლაციას“, - აღნიშნავს დეპუტატი.

























