რუსთავის მერიამ პირველი ხელოვნური ინტელექტი  - „საჯარო მოხელე, ჩატბოტი“ აამუშავა

რუსთავის მერიამ პირველი ხელოვნური ინტელექტი  - „საჯარო მოხელე, ჩატბოტი“ აამუშავა

რუსთავის მერიის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - „ჩატბოტის“ პრეზენტაცია გაიმართა დღეს, რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.

რუსთავის მერიის ,, ჩატბოტი“ - საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი - საჯარო მოხელეა.

„ჩატბოტი“ მუნიციპალური სერვისების შესახებ მოქალაქეებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად. რუსთავის მერიის ჩატბოტის სახელია - „სი ბოტი-Ci Bot“.

ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით, სი-ბოტს შეუძლია მოქალაქეებს ინფორმაცია რამოდენიმე მიმართულებით მიაწოდოს, ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო სავალდებულო გაწვევა, მუნიციპალურ ქონებასა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული, ზედამხედველობის და სხვა საკითხები. „სი ბოტი“ ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონა ვისურის შესახებაც. ,,ჩატბოტი“ ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ facebook-ზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან მესენჯერის საშუალებით დაიწყოს მიმოწერა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, გაეროს განვითარების ფონდს, ინოვაციების ჰაბს და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს. მოხარული ვარ, რომ პირველად ასეთი პროექტი, საჯარო სამსახურების სივრცეში, რუსთავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. რუსთავის მერიის ჩატ ბოტი, მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური სერვისის გაწევას ემსახურება და მაქსიმალურად ამცირებს ბიუროკრატიულ ბერკეტს. პროექტი გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ინტელექტულური რესურსით იყო ჩართული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „ჩატბოტის“ შექმნის იდეა, 2018 წელს გაჩნდა. ამავე პერიოდში შეიქმნა რუსთავის მერიაში ინოვაციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციის სახით - ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბად“ ჩამოყალიბდა. „სი ბოტი“ პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა.