ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მოსახლეობას ბათუმობა მიულოცა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მოსახლეობას ბათუმობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა ყველა ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა. ქალაქის მერმა ბათუმობა განსაკუთრებით იმ ადამიანებს მიულოცა, ვინც შექმნილი ვითარების მიუხედავად, აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.
„გილოცავთ! წელს უჩვეულოდ ვხვდებით ბათუმობას. ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, თითოეული ჩვენგანის დღის წესრიგიც შეცვალა. წესით, დღეს ყველას ერთად უნდა გვეზეიმა ჩვენი საყვარელი ქალაქის დღე, ჩვენი ქუჩები უნდა ყოფილიყო ფერადი, სადღესასწაულოდ მორთული, სადაც, როგორც ყოველთვის, ჩვენი ბათუმელები და ქალაქის სტუმრები იმხიარულებდენ. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს ვირუსი მალე დასრულდეს.
მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, თუ როგორ ვგრძნობთ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას, ერთმანეთის თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ასეთი მიდგომებითა და დამოკიდებულებით ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს.
მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერი დღესასწაულისა, თუ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის დროს, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას.
ყველას გისურვებთ ჯანმრთლობას, ლამაზ დღეებს და რაც მთავარია, მშვიდობით გადაგვეტანოს ეს რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას,“- განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

























