ქობულეთის მერი - 20 ათასზე მეტი ადამიანია ამ დროისთვის შემოწმებული, აგრარულ ბაზარში არც ერთი ადამიანი შემოწმების გარეშე არ შედის

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანია შემოწმებული და ქობულეთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 35-ია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქობულეთის მერმა განუცხადა, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს აგრარულ ბაზარში, რომელიც ქობულეთში გუშინ გაიხსნა.
„თერმოსკრინგის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თითქმის 20 ათასზე მეტი ადამიანია ამ დროისთვის შემოწმებული. თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ასევე აგრარულ ბაზარში, რომელიც გუშინ გაიხსნა. არც ერთი ადამიანი ბაზარში შემოწმების გარეშე არ შედის. ასევე, ავტომანქანების დეზინფექცია მიმდინარეობს. რაც შეეხება კონტაქტებს, რიცხვი დაახლოებით კვლავ წინა მაჩვენებელზე მერყეობს და თანდათანობით მიმდინარეობს ამის შემოწმებაც. ჯერჯერობით რამე სახის გამოკვეთილი ცვლილება „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით არ გვაქვს. კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 530-დან 550- მდე მერყეობს. უკვე გარკვეულ ნაწილს იზოლაციის ორკვირიანი ვადა დაუმთავრდა და მათი ხელახალი გადამოწმება ხდება, პასუხები არის უარყოფითი“,- განაცხადა ქათამაძემ.

























