თეთრიწყაროს მერის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის დაახლოებით 50 კონტაქტია დადგენილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის დაახლოებით 50-მდე კონტაქტი გამოიკვეთა.
მისი თქმით, ისინი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„ ტესტირების ჩატარებამდე ყველა ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პირველ ეტაპზე მიახლოებითი კავშირები გამოაშკარავდა, დაახლოებით 50 ადამიანი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ისინი სახლში, თვითიზოლაციაში მოათავსა მანამ, სანამ ტესტებს ჩაუტარებდნენ“, - განაცხადა ქორიძემ.
ცნობისთვის, თეთრიწყაროში ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ადმინისტრაციულ ცენტრში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით კონტროლდება შესვლა და გამოსვლა.
მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი შემთხვევები კი, სამ სოფელში.

























