თელავის მერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიებში არსებულ ვითარებას გაეცნო

თელავის მერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიებში არსებულ ვითარებას გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს.

მერის თქმით, არსებული რეგულაციების ზუსტად დაცვის შემთხვევაში, ისინი ბევრად ადრე შეძლებენ დამატებითი შეღავათების შემოღებას მოსახლეობისათვის.

,,ამ პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამუშაოები შესაბამისად, მოსახლეობასაც აქტიურად უწევს გადადგილება და ხელისუფლების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი ძალიან დიდ შეღავათს მისცემს მათ. მე დღეს მოვინახულე ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზია, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე მორგებულ გრაფიკში მუშაობს. რაც შეეხება ზოგადად არსებულ რეგულაციებს, ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციების ზუსტად დაცვის შემთხვევაში, ჩვენ ბევრად ადრე შევძლებთ დამატებითი შეღავათების შემოღებას ჩვენი მოსახლეობისათვის’’,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 22 აპრილიდან, დილის 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე ფერმერებსა და მევენახეებს გადაადგილების საშუალება მიეცათ. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები იხსნება ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს, რათა მათ რეგულაციების ფარგლებში შეძლონ სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა.