“არ-ემ-სი გრუპ“-მა რუსთავის მერიას საჩუქრად 1000 ცალი პირბადე გადასცა

შპს ,,არ-ემ-სი გრუპ“-ის მიერ გახსნილი ახალი საწარმო ყოველდრიურად 5-დან 7 ათასამდე პირბადეს კერავს და მასში 35 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები არიან დასაქმებული,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო პროცესს, დღეს რუსთავის მერის მოადგილე ირმა მესხი და სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ქვირია ადგილზე გაეცნენ.
როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ,,არ-ემ-სი გრუპ“-ის ხელმძღვანელობამ რუსთავის მერიას 1000 ცალი პირბადე საჩუქრად გადასცა და პირბადეები იმ მოხალისეებზე გადანაწილდება, რომლებიც კოვიდ-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. საწარმო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს.
,,არ-ემ-ეს გრუპ“-ის ხელმძღვანელის ქეთა როსტომაშვილის განცხადებით, პირბადეების წარმოება ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე ხდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირბადეები კერძო შეკვეთით იკერება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან და უახლოეს პერიოდში აფთიაქებშიც გაიყიდება.
,,მსოფლიოში და ჩვენს ქვეყაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პირბადეების წარმოების გახსნა. მოგეხსენებათ, უჭირს ძალიან ჩვენს ქვეყანას და გვინდოდა კეთილი საქმე გაგვეკეთებინა. ადგილზე დასაქმებული გვყავს 35 ადამიანი, დღის განმავლობაში ამ ეტაპზე ვამზადებთ 5-დან 7 ათასამდე პირბადეს, რომლებიც არის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების. გვაქვს პოტენციალი, რომ 10-დან 15 ათასამდე პირბადე დავამზადოთ. ამჟამად კერძო შეკვეთებით ვართ დაკავებული, გვაქვს მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან, ველოდებით შედეგებს და მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შევიტანთ სააფთიაქო ქსელებშიც“, - განაცხადა შპს ,,არ-ემ-ეს გრუპ“-ის ხელმძღვანელმა ქეთა როსტომაშვილმა.

























