რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული - ადგილზე ვეცნობი ვითარებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეული მცხოვრები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების უფროსები ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე რწმუნებულმა მიმდინარე საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ხელისშემშლელი ფაქტორები, თუ როგორ მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი და როგორ მარაგდება მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით მუნიციპალიტეტის სოფლები.
ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერისგან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მისი დავალებით, სოფლის რწმუნებულები,დეპუტატებთან ერთად, უზრუნველყოფენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას, სურსათისა და მედიკამენტების მომარაგების კუთხით და აგრეთვე, უახლოეს დღეებში წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციას, პიროვნებების საჭირობების შესახებ, რათა „არავინ დარჩეს ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე“.
,,სახელმწიფოსა და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას ყოველდღიურად გრძნობენ ადამიანები, მათ შორის ჩვენს რეგიონში, თავის მხრივ, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პრევენციულ ღონისძიებებში და იცავენ ყველა მითითებას და რეკომენდაციას, ვირუსის თავიდან ასაცილებლად. უწყვეტ რეჟიმში ვხვდები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ადგილზე ვეცნობი ვითარებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეული მცხოვრები ჩვენს რეგიონში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

























