რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ბოლნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური დეპარტამენტის ბაზაზე მოწყობილ ,,ცხელების ცენტრში" გვიან ღამით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, კოვიდ-19-ით ინფიცირებული ქალი ბოლნისიდან არის და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს.
,,პაციენტი ბოლნისისდან გადმოიყვანეს, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჩვენი საავადმყოფო პირველი კატეგორიის სამედიცინო დაწესებულების რიცხვს მიეკუთვნება და მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ვინაიდან აქვეა განთავსებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, მისი გადმოყვანა გადაწყდა ჩვენთან. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, რუსთავის ,,ცხელების ცენტრიდან" ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 7 სინჯი იქნა გადაგზავნილი და შვიდივეზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

























