ალექსანდრე მოწერელია - ხვალიდან ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე რძის პროდუქტების და ხორცის სექცია ფუნქციონირებას შეძლებს

ალექსანდრე მოწერელია - ხვალიდან ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე რძის პროდუქტების და ხორცის სექცია ფუნქციონირებას შეძლებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

,,ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის,“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

„ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა,“ - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.