შოთა რეხვიაშვილი მარნეულში აქციის მონაწილეების მიერ სააკაშვილის სახელის სკანდირებაზე - ელოდონ მიშას, ერთი 50 წელი კიდევ ელოდონ

ელოდონ მიშას, ერთი 50 წელი კიდევ ელოდონ, - ასე გამოეხმაურა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მარნეულში მიმდინარე აქციაზე მოსახლეობის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელის სკანდირებას. აქციაზე, სადაც მოსახლეობა აცხადებდა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რამდენჯერმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეძახილებით: „მიშა, მიშა“ ახსენეს. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო რწმუნებულმა პოლიტიკურად მართული უწოდა. „აქ, ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავადების გავრცელება არ მოხდეს. ჩვენ მარნეულში დაავადების გავრცელება შევაკავეთ, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, თუ რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

























