ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი გახარიასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას აფასებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი გახარიასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას აფასებენ

საქართველო პანდემიას, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ხდის. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და ევროპული კომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციის შეფასებისას განაცხადეს.

დე ფაქტო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში იყენებენ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აფხაზეთის დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ევროპულ პარტნიორებთან ერთად მიზანმიმართულად განაგრძობს თავის განცხადებებში იმ რიტორიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ობიექტურ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მცდარი თეზისის ექსპლუატაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლებითაც შეიარაღებულნი არიან რუსულ საფრთხესთან საბრძოლველად.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ აფხაზეთის საკითხზე ნებისმიერი საკითხის განხილვა მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, „სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ღია ჩარევად ფასდება“.