შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში სააღდგომო ლიტურგიას მრევლის ძალიან მცირე ნაწილი დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, რეგიონში არსებულ სასაფლაოებზე ხალხის კონცენტრაცია არ არის. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, „ყველა სასაფლაოზე იდეალური წესრიგია“.
„ამ დღეებში სასაფლაოზე, ტრადიციულად, ძალიან დიდი კონცენტრაციაა ხოლმე. შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად მხარეში ყველა სასაფლაოზე პრაქტიკულად იდეალური წესრიგია და ხალხის კონცენტრაცია აბსოლუტურად არ არის“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მრევლს და სასულიერო პირებს იმ პოზიციისთვის, რომელიც მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში აჩვენეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას - მრევლსაც, ეკლესიის მსახურებსაც იმ დამოკიდებულებისა და პოზიციისთვის, რომელიც მათ ამ დღეებში აჩვენეს. აღდგომის წირვის დროს, ეკლესიებში მრევლი პრაქტიკულად ძალიან შეზღუდულად იყო, რაც კიდევ ერთხელ განგვაწყობს ოპტიმიზმისკენ. სწორედ ასეთი შეგნებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დროულად დავამარცხებთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

























