„ევექსის“ მარტვილის ჰოსპიტალის ექიმ-ანესთეზიოლოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

„ევექსის“ მარტვილის ჰოსპიტალის ექიმ-ანესთეზიოლოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარტვილის ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი ხორავამ განუცხადა, ანესთეზიოლოგს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა Covid 19-სთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, როგორიც არის ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, არ აღენიშნებოდა.
ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, ამის მიუხედავად, მას ტესტირება მაინც ჩაუტარდა, ვინაიდან ექიმები მაღალი რისკის ქვეშ არიან.
მისივე ინფორმაციით, მარტვილის ჰოსპიტალში ამ ეტაპზე ცხელების ცენტრია განთავსებული და ექიმ-ანესთეზიოლოგი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.
„გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ჩვენი თანამშრომელი, ექიმი. ძირითადად უჩიოდა მაღალ ტემპერატურას, 38.5 ჰქონდა. სხვა ისეთი ჩივილი, როგორიც არის ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, არ აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა: სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, გულ-მკერდის რენდგენოგრაფია, რომელზეც ფილტვის ანთებითი პროცესი არ დადასტურდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ექიმები მაინც მაღალი რისკის ქვეშ ვართ, მითუმეტეს ამ ექიმს ინტენსიურ თერაპიის განყოფილებასა და საოპერაციოში უხდება ყოფნა, ცოტა ინვაზიური პროცესებია და ამიტომ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ტესტირების ჩატარება. აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა ცხვირ-ხახიდან და გაგზავნილ იქნა ქუთაისში,“ - განაცხადა გიორგი ხორავამ.
მისივე ინფორმაციით, ანესთეზიოლოგს არც მოგზაურობის ისტორია აქვს და არც კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონია კონტაქტი.
„პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. იქ დატრენინგებული ექიმები და ექთნები ემსახურებიან. მისი ზოგადი მდგომარეობა კარგია, ტემერატურამ 37.4-მდე დაიწია, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია, სითხეებს და საკვებს ღებულობს. ეს ექიმი საზღვარგარეთ არ ყოფილა, არც დაავადებულთან ჰქონია კონტაქტი,“ - განაცხადა გიორგი ხორავამ.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ განუცხადა, აღნიშნულ ექიმ-ანესთეზიოლოგს ტემპერატურა 2 დღის განმავლობაში ჰქონდა და მას შემდეგ, რაც 38-მდე აუწია, კლინიკას თავად მიმართა.
„ამ ექიმს ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ტემპერატურა 37.4 – 37.8. მერე როცა 38-მდე აუწია, მოვიდა კლინიკაში. შემოსვლისთანავე გაუკეთდა ანალიზები. იცით, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელია გარკვეული ლაბორატორიული სურათი, გარკვეული რენდგენოლოგიური სურათი და ამას ველოდებოდით. ვნახეთ, რომ ამ ეტაპზე არაფერი ვირუსისთვის დამახასიათებელი არ აქვს, მხოლოდ ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ ვინაიდან იგი ექიმია, თუნდაც ერთი ეპიზოდი გამოკვლევას ექვემდებარება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აგვეღო ნაცხი და კვლევა ჩაგვეტარებინა. თავად ამბობს, რომ საეჭვო კონტაქტები არ ჰქონია,“ - განაცხადა როზა ჯანაშიამ.

























