ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება, სამი კი თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა.
მისივე თქმით, თურქეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
„ოთხივე პაციენტი ზრდასრულია და მათი მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი, გადაყვანილები არიან კლინიკა „მედალფაში“. დღეს დილის ინფორმაციით აღნიშნულ კლინიკაში არის 41 ჰოსპიტალური შემთხვევა. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ორი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, დანარჩენების მდგომარეობა არ არის მძიმე. ჯერჯერობით ქობულეთის ტერიტორიაზე არ გვიფიქსირდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც აქამდე ცნობილი არეალიდან არ არიან. ამის გამოსავლენად ქობულეთში მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და უკვე 11 100-ზე მეტი პირია შემოწმებული. თერმოსკრინინგი გრძელდება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა შემდეგი კვირა კრიტიკული იყოს. „არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ჩვენ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზადოს, ვინაიდან ქვეყნის დინამიკას მივყვებით, მაგრამ თუკი ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ეს ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და სამედიცინი პერსონალზე დაწოლა იქნება მართვადი. შესაძლოა, შემდგომი კვირა გვქონდეს კრიტიკული. ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე, თუკი დავემორჩილებით წესებს, ჩვენ შეგვიძლია მართვადი სიტუაცია შევინარჩუნოთ ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

























