იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ქუთაისში რამდენიმე ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომელთაც გამკაცრებული რეგულაციების გამო, პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში სააღდგომო ნობათს ქუთაისში 3 000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.
„აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს. 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვის გათვალისწინებით, ქუთაისში მცხოვრებ ათასობით ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტს საცხოვრებელ ადგილებზე ურიგებს. დღეს რამდენიმე ოჯახში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა, მათ სასურსათო პაკეტები გადასცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, სასურსათო ამანათები მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიამ მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























