რუსთავის მერის განმარტებით, რუსთავში სასაფლაო აღდგომის სადღესასწაულო დღეებში დაიკეტება

რუსთავის მერის განმარტებით, რუსთავში სასაფლაო აღდგომის სადღესასწაულო დღეებში დაიკეტება

რუსთავში, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასაფლაო დაიკეტება. ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

როგორც ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გადაწყვეტილება სასაფლაოს დაკეტვის თაობაზე, რუსთავის მერიაში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სპეციალური საბჭოს წევრებმა ცოტა ხნის წინ, ერთხმად მიიღეს.

„საბჭოს დღის წესრიგში იყო აღდგომის დღეებში სასაფლაოს დაკეტვის საკითხი. მინდა გითხრათ, რომ საბჭო ერთსულოვანი იყო და გარკვეული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც გადაეგზავნება ქვემო ქართლის საკოორდინაციო შტაბს. ამის მიხედვით გატარდება ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას სასაფლაოებზე. რა თქმა უნდა, ჩვენც ადამიანები ვართ, გვიჭირს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ერთმანეთს, ვშრომობთ ერთმანეთისთვის, ვუფრთხილდებით ერთმანეთს და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება საბჭომ", - განაცხადა ტაბაღუამ.

როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, ქალაქში არსებულ ბლოკპოსტებზე სიტუაცია სტაბილურია, მაქსიმალურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი იმ მოქალაქეების, რომლებიც რუსთავში შედიან.

„ბოლო პერიოდში რუსთავიდან ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გავიდა სხვადასხვა რაიონებში, რა თქმა უნდა, ამას კანონი არ კრძალავდა, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, ჰქონდეთ თმენის ვალდებულება, მასზედ, რომ ქალაქში უკან დაბრუნების დროს გავატარებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ქალაქს ", - განაცხადა რუსთავის მერმა.