კომპანია ,,ფაინთრი ინთერნეიშენალმა“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულსა და რუსთავის მერს ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის  საშუალებები გადასცა

კომპანია ,,ფაინთრი ინთერნეიშენალმა“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულსა და რუსთავის მერს ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის  საშუალებები გადასცა

კომპანია ,,ფაინთრი ინთერნეიშენალმა“, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულსა და რუსთავის მერს, ქალაქში მცხოვრები ოჯახების ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ,,ჰუმანას“ ფირმის კვებისა და ჰიგიენის საშუალებები, ასევე ტკბილეული გადასცა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

ჰუმანიტარულ ტვირთს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დახვდნენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა სოციალურ აქტივობებში და მათი მხრიდან სამიზნე ჯგუფების დახმარება.

,,შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი დახმარება, აღნიშნული კომპანიის მხრიდან, ნამდვილად დროული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, სწორედ ბავშვთა კვების პროდუქტით დახმარებას ითხოვს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალქე. გვაქვს გარკვეული რეზერვები, ველოდებით შემოწირულობებს ბიზნესისგან და სხვა ფიზიკური პირებისგან. ვგეგმავთ მემორანდუმის გაფორმებას, იმ სააფთიაქო ქსელებთან, სადაც შესაძლებლობა გვექნება ბავშვთა კვების პროდუქტი შევიძინოთ. მოგეხსენებათ, ბავშვთა კვებას სჭირდება პედიატრთან კონსულტაცია, დახარისხდება ეს საკვები, პედიატრთან გავივლით კონსულტაციას და ამის შემდეგ, მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით დავურიგებთ ჩვილბავშვიან რუსთაველ ოჯახებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და კერძო შემოწირულობებით, დღეის მდგომარეობით, საკვები პროდუქტის კალათა 10 ათასზე მეტ ოჯახს გადასცა.