ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა შეიყვანეს, რომელსაც ცხელება ჰქონდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განაცხადა, ამ მომენტისთვის მედიკოსს ცხელება აღარ აღენიშნება, თუმცა, მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და პასუხს ელოდებიან.
ამასთან, მალხაზ ბასილაია აღნიშნავს, რომ ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„წუხელ, ინფექციურ საავადმყოფოში ქალი შემოიყვანეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა არის, მას ცხელება აღენიშნებოდა. თუმცა, დილის მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მას ცხელება არ აღენიშნება. ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ასევე, ჩვენ კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ განმეორებითი პირველი ტესტირება ჩავუტარეთ, დღეს უტარდება მეორე ტესტირება, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მას ხვალ გავწერთ. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სულ 2 გვყავდა, ერთი გამოჯანმრთელდა და გავწერეთ, მეორეს სავარაუდოდ, ხვალ გავწერთ“, - განაცხადა ბასილაიამ.
იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის ნიშნებით სასწრაფოს მედდა შეიყვანეს

























