აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე. წ ქობულეთის კლასტერის 350 კონტაქტიდან 170 პირი ლაბორატორიულად უკვე გამოიკვლიეს

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისივე განცხადებით, პაციენტი საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად "კოვიდ 19" დაუდასტურდა.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 25 შემთხვევა ფიქსირდება.
მისი განმარტებით, ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები არის დაწესებული, მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ქობულეთის ე.წ კლასტერთან კონტაქტში 350 ადამიანი გამოიკვეთა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 350-დან 170 პირი ლაბორატორიულად უკვე გამოიკვლიეს.
ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ქობულეთის ოთხ სოფელში 1600 პირს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა, თუ ვირუსისთვის რაიმე ჩივილები დაფიქსირდება მათ კლინიკაში გადაიყვანენ.
მისივე განცხადებით, 1600-დან 13 პირს საეჭვო ჩივილები აქვს და მათზე მონიტორინგია დაწესებული.
ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. სოფლებთან მისასვლელ გზებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

























