„პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ხსნარები, ხელის ანტისეპტიკური საშუალებები, შესაწამლი მანქანები და პირბადეები გადასცა

„პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ხსნარები, ხელის ანტისეპტიკური საშუალებები, შესაწამლი მანქანები და პირბადეები გადასცა

„პოლონეთის სოლიდარობის ფონდ - PL“ - მა, covid 19-ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკური საშუალებები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის ნიღბები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის ფონდის დირექტორმა იუსტინა კუცუკმა და კომუნიკაციების მენეჯერმა ეკატერინე ცვარიანმა, დღეს რუსთავში, ქვემო ქართლის გუბრნატორ შოთა რეხვიაშვილსა და რუსთავის მერს - ირაკლი ტაბაღუას პირადად გადასცეს.

„მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების სახელით პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიმართ, რომელიც მათი პრეზიდენტის ინიციატივით არის შექმნილი. პოლონეთის სახელმწიფო, წლების განმავლობაში გვიწყობს ხელს ეროვნული ღირებულებების, საბაზრო ეკონომიკის, საჯარო და კერძო სტრუქტურების, დემოკრატოიული ფასეულეობების განვითარებაში და ამ გლობალურ გამოწვევაშიც ჩვენს გვერდით არიან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სოლიდარობის ფონდის დახმარება დროული და მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის სოლიდარობის ფონდს, ძალიან კარგი მიზნობრივი დახმარებაა, რომელიც გათვლილია იმ მოხალისეებზე, რომლებიც ყოველდღე დადიან ოჯახებში და მიაქვთ მედიკამენტები, ასევე სასურსათო კალათები, ასევე ჩართულები არიან ძალიან ბევრ ორგანიზაციულ საქმიანობაში. გვიხარია, რომ სწორედ ამ მოწყვლად და მიზნობრივ ჯგუფზეა გათვლილი ეს დახმარება. დღეს გადმოგვცეს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ანტისეპტიკური სითხეები, ასევე დეზინფექციის აპარატები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ქალაქში კოვიდინფიცირების რვა ფაქტია დადასტურებული და ახალი შემთხევები აღარ დაფიქსირებულა.

„რუსთავის ცხელების ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო დღეების განმავლობაში გადაგზავნილი ყველა მასალის პასუხი, უარყოფითია. ქალაქში აქტიურად გრძელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც შედარებით ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცია მოხდება. სადეზინფექციო სამუშაოებს, წინასწარ განსაზღვრულ ლოკალურ ადგილებში ღამით ჩავატარებთ, ძირითადად ეს არის სავადმყოფოების, პოლიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიები, სუპერმარკეტები და ტროტუარების ის მონაკვეთები, სადაც ამ მაღაზიებამდე გადაადგილდება მოსახლეობა, ასევე ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები“, - განაცხადა რუსთავის მერმა.