მარნეულის მერის განცხადებით, სოფელი მარადისი თვითიზოლაციაში იმყოფება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, კორონავირუსი სოფელ მარადისის მკვიდრი, ინფიცირებული ქალბატონის ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულის გამო მთელი სოფელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
დარგალის თქმით, ამ დროისათვის სოფლის მოსახლეობის მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
„სოფელ მარადისიდან ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ ასევე დაუდასტურდა ოჯახის 2 წევრს, დღეს კიდევ ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა. მთლიანობაში აღნიშნული ქალბატონის 5 ოჯახის წევრს დაუდასტურდა ვირუსი. აღებული იყო სულ 32 კონტაქტი. სოფელი მარადისში, სულ 40 ოჯახი ცხოვრობს, ისინი ყველანი თვითიზოლაციაში არიან, მიმდინარეობს მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.

























