თორნიკე რიჟვაძე - მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში, ოღონდ კონტროლის გავლის შემდეგ, ექნებათ მედიკამენტებისა და სურსათის შეძენის საშუალება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მათ ქობულეთის სოფლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ სპეციალისტების დასკვნისა და რჩევის საფუძველზე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ეპიდემიოლოგების დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეუწილად ემოციურად, ან თუნდაც პოლიტიკურად მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. ოპოზიცია საერთოდ არ არის ეპიდემიოლოგიური რისკების გააზრებაში, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას ისე, როგორც აქამდე ვიღებდით და დარგის სპეციალისტებს მოვუსმენთ“ ,- განუცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, როგორც იზოლაციის ნაწილში, ასევე დამატებით სპეციალური ღონისძიებების თვალსაზრისით.
როგორც რიჟვაძე აცხადებს, საკარანტინო ზონაში კონტროლის გავლის შემდეგ, მოქალაქეებს მედიკამენტებისა და სურსათის შეძენის საშუალება ექნებათ.
„როგორც უკვე გითხარით, შეზღუდვები ეხება როგორც შესვლას, ასევე გამოსვლას. აქ მკაცრი კონტროლი დაწესდება სურსათის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის მინისტრს თავის კოლეგებთან ერთად დაევალა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. ამის პარალელურად, მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში, ოღონდ კონტროლის გავლის შემდეგ, საშუალება ექნებათ როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის შეძენის. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს, ეს კონკრეტულ რეგლამენტს უნდა დაექვემდებაროს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის შემუშავებული“, - განაცხადა რიჟვაძემ.

























