ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ ქალს პნევმონია აქვს, ხოლო მამაკაცს ტემპერატურა უფიქსირდება

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 6 პაციენტია მოთავსებული, მათ შორისაა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. როგორც ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცოლს პნევმონია აღენიშნება, ხოლო ქმარს ტემპერატურა აქვს.
„დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლევაზე სხვადასხვა სიმპტომების გამო, 6 პაციენტია შემოსული. საინტერესო ფაქტია, რომ გუშინ ღამით გადმოვიდა ორი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, აფხაზური პასპორტით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანით ჩვენთან მოიყვანეს. დღეს მათთან კვლევა დაიწყება. ქალბატონი აფხაზეთში, სტაციონარში ფილტვების ანთებით რამდენიმე დღე იწვა, მაგრამ პნევმონია მაინც გრძელდება. როგორც თავად ამბობს, ადგილზე გამოკვლევები გაკეთდა, მაგრამ სურს, რომ აქ გადამოწმდეს. ისინი ღამით სტაციონარში მოთავსდნენ, ქმარს ტემპერატურა აქვს და მეტი არაფერი.
დანარჩენი შემოსული პაციენტები უკავშირდებიან ჩვენთან მწოლიარე დადასტურებულ პაციენტებს, ნათესაური კავშირებია“, -განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

























