ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და სააღდგომო სასურსათო კალათები ჩაუტანეს

ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და სააღდგომო სასურსათო კალათები ჩაუტანეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და სააღდგომო სასურსათო კალათები ჩაუტანეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთის მიმართულებით ფრენა რეგულარულად სრულდება და მოზამთრეების გადაყვანას, ასევე მათთვის საჭირო საკვების გადატანას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უზრუნველყოფს.

ახმეტის მერის განცხადებით, სასურსათო კალათები თუშეთის მუდმივ მცხოვრებლებს წელიწადში ორჯერ გადაეცემათ.

„ახმეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო კალათები თუშეთის მუდმივ მცხოვრებლებს წელიწადში ორჯერ გადაეცემათ. დღესაც, 11 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი 25 სასურსათო კალათა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გადავეცით მოზამთრეებს", - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, თუშეთში წელს აქტიური ტურისტული სეზონი სავარაუდოდ, არ იქნება, თუმცა მისივე თქმით, ეს პერიოდი ინფრასტრუქტურის განახლებასა და თუშეთის შემდეგი ტურისტული სეზონებისთვის მზაობის პროცესს მომხმარდება.

„თუშეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ზამთრის პერიოდში ისედაც თვითიზოლაციაშია მოქცეული. აქ მყოფი ადამიანების ფიქრი და გულისყური ახლა ბარისკენ არის მიმართული. წელს, თუშეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტურისტული სეზონი სავარაუდოდ, არ იქნება აქტიური. თუმცა, ეს პერიოდი ინფრასტრუქტურის განახლებასა და თუშეთის შემდეგი ტურისტული სეზონებისთვის მზაობის პროცესს მომხმარდება”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.