სახელმწიფო რწმუნებული - ლენტეხში, საკარანტინო ზონაში ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა - მაქსიმალური კონტროლია პირველად კონტაქტებზე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, გასულმა ღამემ ლენტეხში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
როგორც არჩილ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფელ მეჟეში ოჯახების დეზინფექცია.
„გასულმა ღამემ საკარანტინო სივრცეში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა თვითიზოლაციის დარღვევა, ახალი სიმპტომები გამოვლენილი არ არის, მაქსიმალური კონტროლი და მეთვალყურეობა ვრცელდება პირველად კონტაქტებზე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფელ მეჟეში ოჯახების დეზინფექცია. ამ მომენტისთვის კარანტინში 5 000-მდე ადამიანი იმყოფება, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 5 გვაქვს.
რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, ეს არ იგეგმება, ისედაც გამკაცრებული მგდომარეობაა, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. რადგან თვითიზოლაციის ფაქტების დარღვევა არ ხდება და მოსახლეობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ხვდება ამ გამოწვევებს, კიდევ უფრო გამკაცრება, ან კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ამ ეტაპზე არ იგეგმება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

























