იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ღონისძიებების გამკაცრება არ იგეგმება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში კლინიკა „თერჯოლა მედის“ მედ-პერსონალი და ასევე სოფელ ღვანკითში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი იმყოფება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტეში ღონისძიებების გამკაცრება არ იგეგმება.
„გუშინ საღამოს 65 წლის ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ჯგუფები თერჯოლის მუნიციპალიტეტში დილიდან აწარმოებენ მოსახლეობის გამოკითხვას, აქვს თუ არა ვინმეს, რაიმე სიმპტომი. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თერმოსკრინინგსაც აკეთებენ, ხოლო დაკეტვა და ღონისძიებების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება.
რაც შეეხება ციფრს თუ რამდენი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება. თვითიზოლაციაში გადაყვანილია კლინიკა „თერჯოლა მედის“ მედპერსონალიც და სოფელში მცხოვრები რამდენიმე ოჯახიც. ჩვენ ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ასევე მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს და დღის ბოლოს, ან ხვალ გვეცოდინება რამდენ ადამიანთან ჰქონდათ მათ კონტაქტი“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

























