აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გუშინ ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ 116 ნიმუში გადაიგზავნა და ყველაზე გვაქვს უარყოფითი პასუხი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში ჯამში 116 ნიმუში გადაიგზავნა, რომელთაგან 40 ნიმუში ბოლო ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები იყო და ყველა პასუხი უარყოფითია.
ნიჟარაძის განმარტებით, ინფიცირებული ბოლო 6 პაციენტის 108 კონტაქტია გამოკვლეული და ეპიდკვლევა ამ დროისათვისაც მიმდინარეობს.
„ბოლო ინფორმაციით, გუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ შევიდა 116 ნიმუში, ეს გახლავთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, კონტაქტირებული პირიდან და საკარანტინე ზონიდან ჯამურად შესული ნიმუშების რაოდენობა. ყველა ამ ნიმუშზე გვაქვს უარყოფითი შედეგი, ანუ კარგი შედეგი. რაც შეეხება ბოლო პაციენტთან დაკავშირებულ შემთხვევებს, იცით, რომ გვყავს ერთი ინდექს პაციენტი და მასთან დაკავშირებული 5 დადებითი შემთხვევა, ანუ ისინიც პაციენტები არიან უკვე. მოძიებულ იქნა ამ 6 შემთხვევის კონტაქტირებული პირები, ჯამურად ამ ეტაპზე არის დაახლოებით 108 კონტაქტირებული პირი, როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ოჯახური კონტაქტები. რა თქმა უნდა, ეპიდკვლევა გრძელდება და ეს ერთ დღეში ვერ დასრულდება, ამიტომ შესაძლოა ჩვენ კონტაქტების რაოდენობა გაგვეზარდოს ერთეული რაოდენობით და არა მასიურად. კონტაქტებში, სადაც საჭიროდ ჩაითვალა, ბოლო კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით, გამოხატული შესაძლო ჩივილების გათვალისწინებით აღებულია კვლევისათვის ნიმუშები. ეს დაახლოებით გახლავთ 40 ნიმუში, სამედიცინო პერსონალისა და ოჯახური კონტაქტების და როგორც გითხარით, არცერთ მათგანთან დადასტურება არ მიგვიღია. შემდგომი დღეების განმავლობაში მათზე მეთვალყურეობა გაგრძელდება“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

























