18 მარტიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს

18 მარტიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მათი მარშრუტები ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით შეიცვლება.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 18 მარტიდან აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. ქუთაისში იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსები და მათი მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.
ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

























