წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. სანატორიუმ „გეოლოგში" მცხოვრები დევნილები არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და შენობიდან გაყვანას მოითხოვენ.
მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.
დევნილები ამბობენ, რომ ცუდი პირობების გამო დაუყოვნებლივ გაყვანას ელოდებოდნენ, თუმცა დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს დაელოდონ.
„ცუდი პირობებია. დასკვნაც არის, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ველოდებოდით, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ და ახლად აშენებულ ბინებში შეგვასახლებდნენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ და დაველოდოთ. არ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და კიდევ წლები ლოდინს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია“, - აცხადებენ ადგილობრივები. სანატორიუმში 50 ოჯახი ცხოვრობს.

























