სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

გარეგანათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების რეაბილიტაცია, მინისტადიონების მშენებლობა, - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროგრამის შემდეგი ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული ინიციატივების პროექტირებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ტენდერები გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.
პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალიწინებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის 115 სოფლისთვის 1 596 000 ლარი გამოიყო. თითოეულმა სოფელმა თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
„სოფელი, სადაც 200 - მდე ადამიანი ცხოვრობს 10 000 ლარით დაფინანსდა. 12 000 ლარი მიიღეს იმ სოფლებმა, რომლების მოსახლეობის რაოდენობაც 200 - დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი გამოიყო იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 400 - დან 1000 - მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000 - ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, მიმდინარე წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ“,- ნათქვამია ინფორამციაში.
„სოფლის პროგრამის ფარგლებში“ ადგილობრივი მოსახლოების მიერ 2020 წელს შერჩეული პროექტების ნუსხა სოფლების მიხედვით იხილეთ ბმულზე - https://drive.google.com/open?id=1f37423w-Eu1KTCrQw-v2j2ZxgPj83Kls

























