რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულმა პედაგოგებთან შეხვედრები გამართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ პედაგოგებთან შეხვედრები მშობლიურ სკოლაში სტუმრობით დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, იგი, ამჯერად, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლას ეწვია. მხარის რწმუნებული რეგიონის 68 სკოლას ესტუმრა, 976 პედაგოგს და მოსწავლეებს პირადად შეხვდა.
„შეხვედრები ინტერაქციული იყო, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საინტერესო კითხვებზე პასუხები რეგიონის ხელმძღვანელისგან მიეღოთ.
არჩილ ჯაფარიძემ პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე, დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების ფორმირების პროცესში. რწმუნებულმა ხაზი გაუსვა შეხვედრების უშუალო ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი კომუნიკაცია სკოლებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც ხელისუფლებას ეხმარება პრობლემების უკეთ გააზრებასა და მათი გადაჭრისთვის ოპტიმური გზების მოძიებაში. მანვე, განათლების ახალი რეფორმის სარგებელზე პედაგოგების აზრი მოისმინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში.
ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკების ფლობით. მოვისმინე მათი მოსაზრებები განათლების სფეროსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მიხარია, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა მათი დაუღალავი შრომა, დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს.
მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის საუკეთესო გზა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

























