გორის მერია - სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა 2020 წლის პროექტებს არჩევს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის ყველა შეკითხვას უპასუხეს.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს ქორდში, არბოსა და კვარხეთში გარეგანათება მოეწყობა, დიცში კი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილი და ეზო რეაბილიტირდება. სამუშაოებს დიცში 20 000, ქორდში 16 000, არბოსა და კვარხეთში კი 12 – 12 ათასი ლარი მოხმარდება. თანხები სოფლებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილდებათ.
„სოფელი, სადაც ცხოვრობს 200 - მდე ადამიანი ფინანსდება 10 000 ლარით. 12 000 ლარია გათვალიწინებული იმ სოფლებისთვის, რომლის მოსახლეობაც 200 - დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი გამოიყო იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 400 - დან 1000 - მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000 - ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, 2020 წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ჯამში 1 596 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 115 სოფელზე ნაწილდება. მათ შორის 79 - მა კონსულტაციების შედეგად ხმათა უმრავლეოსობით უკვე შეარჩია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























