რუსთავში „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რუსთავში „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ღია ცის ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის მსახიობებმა, მსოფლიო და ქართული ლიტერატურის კლასიკოსი მწერლების ცნობილი პროზაული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები და ლექსები წაიკითხეს. წიგნის საჯაროდ კითხვაში, მსახიობებთან ერთად, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ღონისძიების მონაწილე ექვს მოსწავლეს, წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“, მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
საქართველოში "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“, მეხუთედ აღინიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























