რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რუსთავში, მაიაკოვსკის, ოსტროვსკისა და დავით გარეჯის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას, მოსახლეობასთან შეხვედრისა და კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მერთან ერთად, შეხვედრას მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ზაზაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ტაბაღუამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო. როგორც ქალაქის მერმა, განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშო ბაღი იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც წლების წინ ძველი ბაღი იყო.

,,ამ ადგილზე ისტორიულად იყო საბავშვო ბაღი, რომელიც წლების წინ დაიშალა, დაინგრა. ძველ რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბაღების პრობლემაა. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბიუჯეტში მოვიძიეთ თანხა, შევიძინეთ პროექტი და საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რაღა თქმა უნდა გვჭირდებოდა მათი თანხმობა. დღევანდელ შეხვედრაზე, მოსახლეობისგან მივიღეთ მზაობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება სატენდერო პროცედურები და ამ ტერიტორიაზე აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება, შენობის მშენებლობითა და ეზოს კეთილმოწყობით 1 მლნ 600 ათას ლარამდეა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ახალი საბავშვო ბაღი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 150-160 ბავშვზე იქნება გათვლილი.