რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

საახალწლო სოფელში დამონტაჟებული ილუმინაციები რუსთაველმა ბავშვებმა სანტა კლაუსთან ერთად აანთეს. პარალელურად, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე განათდა.

პარკში პატარებისთვის, ანსამბლ ,,თუთარჩელას“ მონაწილეობით საახალწლო კონცერტი და ანიმატორების შოუ გაიმართა. ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე სანტა კლაუსმა იზრუნა.

,,რუსთავის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია ქალაქში, მოსახლეობისგან იყო თხოვნა, რომ საახალწლო განწყობა სწორედ აქ შეგვექმნა და ღონისძიებებიც აქ გაგვემართა. ილუმინაციებით მოირთო და განათდა პარკის გარკვეული ნაწილი, სადაც სხვადასხვა გასართობი და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. ვფიქრობ, საახალწლო განწყობის შექმნა გამოგვივიდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საახალწლო სოფელში, სადღესასწაულო ღონისძიებები 29, 30 და 31 დეკემბერს ჩატარდება. საახალწლო ილუმინაციებით განათებული პარკი რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, საბავშვო შოუ-პროგრამებით, ანიმატორების შოუთი და საცირკო სანახაობებით უმასპინძლებს. პარკში მისულ პატარებს კი სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს.

ახალი წლის ღამეს რუსთავის პარკში საახალწლო კონცერტიც ჩატარდება.