რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსთავში განხორციელებული ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და მის საფუძველზე, ქალაქში არსებული საწარმოებისთვის დაწესებულ სანქციებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეგულაციებს, რომლებიც გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლისა და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში არსებული სამრეწველო საწარმოების მსგავსი მასშტაბის მონიტორინგი არ ჩატარებულა. წელს პირველად, სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური შემოწმება, რომლის მიზანი საწარმოებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღება იყო. სამომავლოდ, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საწარმოებს დაუწესდებათ კონკრეტული მოთხოვნები, რაც შესასრულებლად სავალდებულო იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, საწარმოთა კონკრეტული ქმედებების გატარებით, ეტაპობრივად გამოსწორდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც გულისხმობს გაზრდილ საჯარიმო სანქციებს მათთვის, ვინც არ ასრულებს გარემოსდაცვითი ნებართვების პირობებს, საქმიანობენ ფილტრების გარეშე და ა.შ. სანქციები იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ შედეგს მოგვცემს და საწარმოების მხრიდან, გარემოსდაცვის კუთხით მეტად პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლის სახელწმიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხორციელების შედეგად, უახლოეს მომავალში, მოსახელობა ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით გარკვეულ უკეთესობას იგრძნობს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ხელს შეუწყობს წევრებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და აქტიურ კომუნიკაციას.