ელმარ მამედიაროვი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფლიქტების კუთხით ბევრი მსგავსებაა - ჩვენ ერთ გზას მივუყვებით და ესაა საერთაშორისო სამართალზე გამავალი გზა

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოუგვარებელი კონფლიქტების კუთხით ბევრი მსგავსებაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით შექმნილ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად აზერბაიჯანიც და საქართველოც საერთაშორისო სამართლის გზას ადგას, რაც სწორი გზაა.
„რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო ის, რაც გაჟღერდა ჩემი ქართველი კოლეგის მხრიდან ზოგიერთ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება მოუგვარებელ კონფლიქტს და რომელსაც აწყდება საქართველო და აზერბაიჯანი. როდესაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვაკვირდებით, ძალიან ბევრია მსგავსება ჩვენს შორის, მაგრამ ყველა ერთად ვდგავართ საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანი ერთ გზას მივყვებით და ეს გახლავთ საერთაშორისო სამართალზე გამავალი გზა“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.

























