იმერეთში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია მიიღეს. ასევე, მათ ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგული გამოკვლევა. დევნილ ბენეფიციარებს ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
ხონის სამხედრო დასახლებაში გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.

























