რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია - „დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა

რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია - „დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა. აქცია 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მოეწყო.
„დედებს შვილები არ უნდა უკვდებოდეთ, ყველა დედას აქვს ბედნიერების უფლება. მე ჩემი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის დასაცავად მოვედი აქ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა მოდებაძემ.
აქციის მონაწილეები პოლიციის სამმართველოსთან ტრანსფარანტებით „მე უნდა ვიცოცხლო", ასევე თეთრი და შავი ფერის ბუშტებით იყვნენ მისული. მათ გლოვის ნიშნად ჰაერში შავი ბუშტები გაუშვეს, თეთრი კი პოლიციის შენობასთან ახლოს მიამაგრეს. აქციის მონაწილეების განმართებით, თეთრი ბუშტი იმის სიმბოლოა, რომ ყველა პატარას აქვს სიცოცხლის უფლება.

























