80 წლის კარლო თაზიაშვილი ახალგორის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

80 წლის კარლო თაზიაშვილი ახალგორის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, ოკუპირებული ახალგორის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 80 წლის კარლო თაზიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. თაზიაშვილი გულის უკმარისობის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდგომ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მედპერსონალს საშუალება მისცეს, რომ პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ.

აღნიშნული ფაქტი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

"ჩვენი ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შეიქმნა მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებული ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც პაციენტების მდგომარეობას აფასებს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა რთულია, გადაწყვეტილებას იღებს, რომ მოხდეს აღნიშნული პაციენტის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ახლაც ასე მოხდა, კარლო თაზიაშვილი უკვე მცხეთის საავადმყოფოში იმყოფება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოკუპირებული დაბიდან პაციენტის გადმოყვანის ეს უკვე მესამე შემთხვევაა“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.