გაზეთ "უქიმერიონისა" და საზოგადოება "ქუთაისელის" 30 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ "უქიმერიონისა" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები.
საიუბილეო საღამოს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თეიმურაზ ლანჩავა იყო.
საზოგადოება "ქუთაისელი" ქუთაისში 1990 წელს, 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს. ამავე წელს დაარსდა გაზეთი "უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა.
გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე.1990 წელს კი იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ თეიმურაზ ლანჩავა აირჩიეს და იგი რედაქციას დღემდე ხელმძღვანელობს.

























