აჭარის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ბარსელონას საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე განმარტებით, BTM World საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც წელს ტურიზმის ბიზნესიდან 141 ქვეყნის 15,000 ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ, მათ შორის, მიუნხენის, ვარშავის, ტალინისა და დუბაის საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლებთან, ასევე ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან. ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 19 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

























