რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი გაიხსნება

რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი გაიხსნება

რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამის თაობაზე რუსთავის მერიამ, ინოვაციების ჰაბსა და კომპანია ‘’Red Panda Group’’ -თან, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სამმხრივ შეთანხმებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ და ,,Red Panda Group’’ -ის დირექტორმა ქრისტოფერ რობერტ დოუვმა მოაწერეს ხელი.

,, სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრის შექმნას. რუსთავის მუნიციპალიტეტი, ინოვაციების ჰაბი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, ერთობლივად ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ და ამ პროცესში, აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შრომითა და ინტელექტით, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. ამით ჩვენ გვინდა მინიმუმამდე დავიყვანოთ ახალგაზრდების ქალაქიდან და ქვეყნიდან გადინება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცენტრის გახსნა იანვრის ბოლოს იგეგმება და პირველ ეტაპზე, მის საქმიანობაში თხუთმეტამდე რუსთაველი ახალგაზრდა იქნება ჩართული.

,, ყველასთვის ცნობილია, რომ ბლოკ-ჩეინი და ხელოვნური ინტელექტი, ერთ-ერთი ტრენდული და მზარდი მიმართულებაა, საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდებაა მსოფლიოს მასშტაბთ. ჩვენ გვინდა, რომ რუსთავი იყოს ამ მიმართულებით ლიდერი, იმიტომ, რომ ასეთი ცენტრი, საქართველოში არ არსებობს და ჩვენს ქალაქში შეიქმნა გაეროს განვითარების ფონდის ძალიან დიდი დახმარებით“, - განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.

რუსთაველ ახალგაზრდებს, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრში, თანამედროვე ტექნოლოგიებს შეასწავლიან, შემდგომ კი მათ დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. სამომავლოდ, ცენტრის გაფართოება და მისი საქმიანობის ქვეყნის სხვა რეგიონებში განხორციელებაც იგეგმება. ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო სივრცე რუსთავის მერიამ გამოყო, ხოლო მის აღჭურვას, პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის" ფარგლებში, ერთობლივი რესურსებით, რუსთავის ინოვაციების ჰაბი და კომპანია ,,Red Panda Group’’ უზრუნველყოფენ. პროექტს ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის" გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) დაფინანსებით, რუსთავის ინოვაციების ჰაბი ახორციელებს. ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი 2020 წელის იანვარში გაიხსნება.