მირზაანში „ფიროსმანობა“ აღნიშნეს

მირზაანში „ფიროსმანობა“ აღნიშნეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ფიროსმანობა“ აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მხატვრის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ღონისძიებები დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა, ასევე, დღეობაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქიზიყური სამზარეულო და ღვინო.

დედოფლისწყაროელებს და მუნიციპალიტეტის სტუმრებს დიდი მხატვრისადმი მიძღვნილი დღე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

ნიკო ფიროსმანაშვილის მშობლიურ სოფელ მირზაანში "ფიროსმანობა" ყოველწლიურად აღინიშნება.