ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სოფლის რწმუნებულმა მისცა ჩვენება

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე,თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე სოფელ ყანდაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნანა ტაველიშვილმა მისცა ჩვენება, რის შემდეგაც მასთან ბრალდების მხარეს ჰქონდა კითხვები.
პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, ტაველიშვილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე უსვამდა კითხვებს, რაზეც მოწმემ დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღეს გამყრელიძეების სახლში არსებული ვითარება.
ნანა ტაველიშვილის დაკითხვის დასრულება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა.
მოსამართლის განმარტებით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 11 ნოემბერს,16:30საათზე გაიმართება, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მოხდება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას ედავება.

























