„ბათუმის წყლის" მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობდა

„ბათუმის წყლის" მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდა, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარინე გვიანიძე.
„შპს „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე სულ რვა შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის დასრულებულია ამოტუმბვის სამუშაოები, ხოლო ზღვაზე გასავლელი არხები გაწმენდილია და ამ მხრივ შეფერხება არ არის. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ ცხაურების გაწმენდით და ამოტუმვით სამუშაოებს. მცირე მიწის მასების ჩამოწოლის ფაქტები იყო მახვილაურში, სადაც მობილიზებული იყო ტექნიკა და მუნიციპალიტეტის სამსახურებთან ერთად მოხდა სათანადო რეაგირება. ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინასწარ გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები“, - განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა.

























