ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საკეციაში, ჯვარისაში, სადმელში და ზნაკვაში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
„სოფელ საკეციაში მთავარ საჭიროებად წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზვიად მხეიძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტი მზად არის. წყლის სათავე ნაგებობების მოწესრიგება და შიდა სასოფლო გზები არის ძირითადი პრობლემა ჯვარისისა და სადმელის მოსახლეობისთვისაც, სამუშაოები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში“, - აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეხვედრას აგრეთვე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგენლიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.
საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობას შეეხო.

























